მიწის ქვეშა წყლების კვლევის მეთოდები
საქართველო, მისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდიდარია წყლის რესურსებით, რომელთა ათვისება და ყაირათიანი გამოყენება ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ანტროპოგენური და ბუნებრივი (მათ შორის კლიმატური) ფაქტორების ზეგავლენის გამო, რაც გამოიხატება მათი ხარისხის გაუარესებასა და რაოდენობის შემცირებაში.
ამის შეჩერების ერთადერთ გზად მიგვაჩნია მოქმედი ჰიდროგეოლოგიური პროცესების შესწავლა კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, კერძოდ გარემოში პროცესების განვითარების სივრცულ-დროითი მოდელირებით. რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს მიწისქვეშა წყლების რესურსების (მათ შორის თერმულის) შეფასება, მათი ეკოლოგიურად გამართლებული ექსპლუატაციის რეჟიმის შერჩევა, გარემოს ტოქსიკური და რადიაციული დაბინძურებისა და მისი ჯანმთელობაზე გავლენის შესწავლა, ჰიდროგეოლოგიური, გეოდინამიკური პროცესებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი მათი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
ციფრული მოდელირება, სპეციალიზირებული პროგრამების გამოყენებით, როგორც საბოლოო პროდუქტი, მოითხოვს რთულ კვლევათა კომპლექსის ჩატარებას, კერძოდ:
- ციფრული მოდელირება და მისი კალიბრაცია.
- სითბური ნაკადის განსაზღვრა.
- ჰიდროგეოლოგიური და გაზური აგეგმვა. ჰიდროქიმიური (მათ შორის ტოქსიკური) კომპონენტების კონცენტრაციების დადგენა.
- იზოტოპური კვლევები
- საკვლევი პარამეტრის (ჰიდროდინამიკური, ჰიდროქიმიური, მათ შორის იზოტოპური, თერმული და სხვა) დროითი მონიტორინგი და შესაძლო დაბინძურების კონტროლის სისტემის შექმნა.